განდეგილი იღუმენის მოღვაწეობა
სოფელი კუმისი ზოგიერთი თქვენთაგანისათვის ნაცნობი ადგილია,
ბევრისთვის ამ ადგილს ისტორიული დატვირთვა აქვს ჩემთვის კი წმინდა ადგილთან ასოცირდება.
კუმისის მთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ორბელიანების საგვარეულო საძვალე და XVII-XVIII საუკუნის
„წმინდა სამების“ ეკლესია მდებარეობს,
რომელის მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი.
ძეგლი დარბაზული ტიპისაა ორფერდა გადახურვით,
ამ ადგილის აღდგენა და დიდ სამონასტრო კომლექსად ჩამოყალიბება იღუმენი სალომე შერეშაშვილის სახელს უკავშირდება, რომელიც უკვე ოცი წელია რაც განმარტოებით მოღვაწეობს. 78 წლის იღუმენმა „დედა სალომემ“ მიამბო, რომ მძიმე საერო ცხოვრებამ
და ახალგაზრდა შვილის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მას ასწავლა უფლის გზით სიარული, რომ
ზუსტად ოცი წლის წინ მან მიატოვა საერო ცხოვრება და ჩადგა ღვთის სამსახურში. სწორედ
მისი ძალისხმევითა და მოსახლეობის შემოწირულობით მოხდა წმინდა სამების ეკლესიის მოქმედ ტაძრად გადაქცევა,
სადაც ყოველ კვირას აღევლინება უფლის სადიდებელი წირვა-ლოცვა. მიუვალი ადგილი რომელიც
მოწყვეტილი იყო სოფელს, ნამდვილ წალკოტად გადააქცია. სრული სახით არის შემონახული ორბელიანების
საძვალე, კელია სადაც მაიკო ორბელიანმა გაატარა თავისი ცხოვრების ბოლო წლები პატარა
მუზეუმადაა ქცეული.
ეკლესია-მონასტრისათვის მიღებულ შემოწირულობას დედაო
გაჭირვებულ სოფლის მცხოვრებლებს უნაწილებს, ოჯახებს ეხმარება შვილების აღზრდაში, ასწავლის მათ ღვთის სიყვარულს, გალობასა და სხვადასხვა
ფსალმუნებს. სამონასტრო კომპლექსის აღორძინებამ გააძლიერა სოფელი კუმისი.
21-ე საუკუნის გადამრჩენი ძალა სწორედ ეს და სხვა მსგავსი
ადგილებია, ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას მსგავსი მოღვაწეები, რათა გამთლიანდეს და გაძლიერდეს საქართველო.